Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით!

მადლობას გიხდით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმრობისთვის!

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და შემდგომ განვითარებას.

მსურს წარმოგიდგინოთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და დაინტერესებული პირებისთვის საქართველო-კორეის რესპუბლიკის ურთიერთობებისა თუ მნიშვნელოვანი და აქტუალური ორმხრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლავთ.

როგორც მოგეხსნებათ, 2022 წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი აღინიშნა. ხსენებულ პერიოდში, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორ ქვეყანას შორის როგორც პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებისა და ტურიზმის ხელშეწყობის მხრივ.

უკანასკნელ წლებში, კორეის რესპუბლიკასთან მიმდინარეობს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. განვითარდა სამართლებრივი ბაზა და გაფორმდა არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. წარმატებით დასრულდა საქართველო-კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევა, რაც მომავალ წელს ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.  დასკვნით ეტაპზეა ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ორი ქვეყნის კერძო კომპანიებს შორის კონტაქტების გაღრმავებასა და კაპიტალის მოძრაობას. კორეულ საზოგადოებაში მკვეთრად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის და ისტორიის მიმართ. ადგილსამყოფელ ქვეყანაში იმატებს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობაც, რაც სამომავლოდ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ექსპორტის ზრდის მხრივ ხელშესახები შედეგები გვექნება.

აქვე მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო კორეის რესპუბლიკის მიმართ საქართველოსთვის წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პერიოდში.

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ნაცვალგების პრინციპით, საქართველოში ოფიციალურად გაიხსნება კორეის რესპუბლიკის საელჩო. ასევე, საქართველოს მიერ კორეის მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, დღის წესრიგში დგას კორეის რესპუბლიკის მიერ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხიც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კორეაში საქმიანობის პერიოდში მოკრძალებულ წვლილს შევიტან საქართველო-კორეის დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების წარმატების საქმეში უდიდესი როლი აქვს როგორც საელჩოს, ასევე თითოეული თქვენთაგანის ძალისხმევას. შესაბამისად, მაქვს იმედი თქვენი აქტიური ჩართულობის და მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში.

მადლობას მოგახსენებთ კორეაში საქართველოს საელჩოს საქმიანობით დაინტერესებისთვის!

საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით,

ელჩი

თარაშ პაპასქუა