საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა
2022 წლის 30 ნოემბერს, კორეის რესპუბლიკაში, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. კორეის რესპუბლიკის მხრიდან დეკლარაციას ხელი მოაწერა კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა გი ვუკ იანგმა.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის.
რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში და ორი ქვეყნის ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით, უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2023 წელს.
ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.