საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში
7-10 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, შედგა მისი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. მხარეებმა განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია კორეის სტიქიური უბედურებების მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრსა და ციფრული მმართველობის საგამოფენო ცენტრს, სადაც გაეცნო ცენტრების საქმიანობას, სამუშაო პროცესებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
