საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
8 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნასა და საქართველოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის, my.gov.ge-ს, შემდგომ განვითარებაზე ერთობლივ მუშაობას.
მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში. კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან იუნ ჰო-ჯუნთან შეხვედრაზე, მინისტრებმა ასევე განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით პარტნიორობის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ პროგრესზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
