ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ზამთრის XXIII ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების შესახებ

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდზამთრის XXIII ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების შესახებ

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდება კორეის რესპუბლიკის საკურორტო ქ. პიონგჩანგში 2018 9 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ხოლო პარალიმპიური თამაშები - 9 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით.

კორეის რესპუბლიკაში შესვლა

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით გამგზავრებისთვის (90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) არ ესაჭიროებათ ვიზა.

რაც შეეხება ორდინალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, კორეის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად მათ უნდა მიმართონ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისს შემდეგ მისამართზე:

 ქ. თბილისი, ტიციან ტაბიძის ქ. N12; ტელეფონი (032) 297-03-18, (032) 297-03-20.
 სავიზო განაცხადების მიღება და ვიზების მიღება-გაცემა წარმოებს სამშაბათსა და ხუთშაბათს 10:00-დან 12:00-მდე.
სავიზო განაცხადის ფორმა, აგრეთვე ინფორმაცია სავიზო განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტებისა და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის კვეთისათვის გასათვალისწინებელი მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=510

ქვეყნის შიდა ტრანსპორტი

ოლიმპიადას მოემსახურება პიონგჩანგთან ახლოს მდებარე იანგიანგის საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველმა უცხოელებმა კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისათვის გამოიყენონ სეულის ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო აეროპორტიდან პიონგჩანგამდე მისასვლელად ისარგებლონ კორეის სწრაფმავალი მატარებლით (KTX).დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის განმავლობაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მუშაობის თაობაზე შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.pyeongchang2018.com/en/paralympics/spectator-guide/infrastructure

ვალუტა და გადახდის საშუალებები

\ კორეის ეროვნული ვალუტა არის კორეული ვონი (Korean won).
\ ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია როგორც კორეულ კომერციულ ბანკებში, ისე სავალუტო ჯიხურებში (EXCHANGE). სავალუტო ჯიხურში ფულის გადაცვლა უსაფრთხოა და იქ არსებული გადაცვლის კურსი ხშირ შემთხვევაში განსხვავდება საბანკო კურსისგან
\ კორეის მთელ ტერიტორიაზე ანგარიშსწორების მიზნით შესაძლებელია საერთაშორისო საბანკო ბარათების (Visa, MasterCard, American Express) გამოყენება. ჩვეულებრივ, ბარათით გადახდის ტერმინალი განთავსებულია ლიცენზირებულ ტაქსებშიც

ენა და კომუნიკაცია

კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის კორეული, რომელიც იყენებს კორეულ დამწერლობას. მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებში, ასევე მსხვილ ქალაქებში აბრებზე წარწერები დატანილია ინგლისურ ენაზეც. კორეაში არსებობს ინგლისურად კომუნიკაციის პრობლემა, განსაკუთრებით, უფროს თაობაში. ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი იმ პირებისგან ინფორმაციის მისაღებად, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას, არის სმარტფონის მთარგმნელი აპლიკაციის (Google Translate და სხვა) გამოყენება, რომლის მეშვეობითაც თანამოსაუბრეს შეუძლია სმარტფონის ეკრანზე ამოიკითხოს თქვენს მიერ შედგენილი წინადადების კორეული თარგმანი.

უსაფრთხოება

კორეის რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაბალი კრიმინოგენული ვითარების მქონე ქვეყანაა. 2015-2016 წწ. სტატისტიკით მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი იყო ქ. სეული.უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, თუ ისინი გაემგზავრებიან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ხაზზე (DMZ - Demilitarized Zone) მოწყობილ სპეციალურ ტურში, რომელსაც სთავაზობენ როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიები, ისე სასტუმროები. ასეთ დროს რეკომენდებულია ზედმიწევნით დაემორჩილოთ გიდის მითითებებს და თავი შეიკავოთ რაიმე სახის პროვოკაციული მოქმედებისგან.

ჯანდაცვა

 

  • კორეის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რეკომენდებულია მოქალაქეებმა შეიძინონ საერთაშორისო სამგზავრო დაზღვევა.
  • კორეაში მედიცინის სფერო მაღალ დონეზეა განვითარებული, კლინიკების უმრავლესობა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რომელსაც ემსახურებიან მაღალპროფესიონალი ექიმები.
  • არსებობს ექიმებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. ზოგიერთი მსხვილი საავადმყოფო უცხოელებს სთავაზობს უფასო თარჯიმანს, რომელიც მათ ეხმარება ექიმთან გასაუბრების დროს.
  • სასწრაფო დახმარების სისტემა გამართულად და ოპერატიულად ფუნქციონირებს. გამოძახების შემთხვევაში, ავტომატურად ფიქსირდება გამოძახების ადგილი. უცხოელის მიერ გამოძახების შემთხვევაში, სამედიცინო ბრიგადა უკავშირდება კორეის ტურიზმის ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისურ-ენოვანი თარჯიმნის მომსახურებას. 
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება უფასოა.

 

დაკავება

კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას ყველა ქვეყნის მოქალაქე ექვემდებარება ადგილობრივ კანონმდებლობას, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები - ჯარიმის ან დაკავების სახით. მოქალაქის დაკავებას ახორციელებს კორეის ეროვნული პოლიცია.

საგანგებო სიტუაციის დროს საჭირო კონტაქტები
უშიშროების სამსახური - 111;
პოლიცია - 112;
სასწრაფო დახმარება - 119;
სახანძრო სამსახური - 119;
სანაპირო დაცვა - 122;
ტურისტების დახმარების სამსახური - 1330;
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრი სეულში - 1339;
ადამიანის ან/და ნივთების დაკარგვის შემთხვევაში - 182.

ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების ბილეთები

 

  •  ყალბი ბილეთების ინტერნეტ საიტებიდან ან ულიცენზიო ბილეთის გადამყიდველებისგან შეძენილი არასანქცირებული ბილეთების მქონე პირები ვერ შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას;
  • ოლიმპიადის ბილეთების ოფიციალურ ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად გაყიდვა აკრძალულია;
  • რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
    https://tickets.pyeongchang2018.com/?returnUrl=/&culture=en-us

 

პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ან სხვა გადაუდებელი ვითარების დროს გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში
მისამართი:
ქ. სეული, Yongsan-gu, Itaewon-ro, 27-gil, N30
ტელ.: (+82 2) 792-7118; ფაქსი: (+82 2) 792-3118 ელ. ფოსტა: seoul.emb@mfa.gov.ge
Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/geoembseoul/

საკონსულო თანამდებობის პირი: დავით ჩიკვაიძე ცხელი ხაზი: (+82 10) 9968-9896; ელ- ფოსტა: dchikvaidze@mfa.gov.ge

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ