ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის წარმატებულ მაგალითს საერთაშორისო თანამეგობრობას უზიარებს

31.10.2017 ქ. თბილისი -თბილისში, დღეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ პირველი საერთაშორისო ფორუმი „16+: სიტყვებიდან საქმისკენ" ოფიციალურად გაიხსნა. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი იმსჯელებს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითადი საკითხების - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში დაგროვებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეროვნული განვითარების საკითხებში. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილებას და იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობაზე ღია მმართველობის პრინციპებთან.„საქართველოსათვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობა. წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ ხნის მანძილზე, საქართველო გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან სანიმუშო სახელმწიფოდ, რომელიც წელს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას იკისრებს. ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველომ ხელშესახებ წინსვლას მიაღწია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, ისევე როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ბაზრისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებში. მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს მიღწევები, ჩვენი წარმატება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა - მიხეილ ჯანელიძემ, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც დადებითად აისახა კორუფციასთან ბრძოლის, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების, ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის შესახებ საერთაშორისო რეიტინგების ბოლო მონაცემებშიც, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანად გააუმჯობესა მაჩვენებლები.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამა დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას, ქვეყნის განვითარებას და მშვიდობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად: „არ არსებობს მდგრადი განვითარება, მშვიდობის გარეშე და არ არსებობს მშვიდობა მდგრადი განვითარების გარეშე და სწორედ ამიტომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და მშვიდობიანი განვითარება საქართველოს მთავრობის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს," განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ფორუმი „16+: სიტყვებიდან საქმისკენ" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ორგანიზებით და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციასთან (WFUNA) თანამშრომლობით გაიმართა.

 

2017 წლის 31 ოქტომბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ