ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების დამონტაჟების პროცესი აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის რეგიონის გასწვრივ საოკუპაციო ხაზზე კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე. აღნიშნულის დამატებით, აფხაზეთის რეგიონში გადაწყდა ე.წ. „სასაზღვრო ზონის" გაფართოება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გადაადგილების თავისუფლებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში

 

2017 წლის 23 თებერვალი

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ