საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკის ქალაქ გვანჯუში

3-5 სექტემბერს, საქართველოს ელჩი, ბ-ნი ოთარ ბერძენიშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. გვანგჯუს ეწვია, სადაც გაიმართა შეხვედრები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. გვანგჯუს მერთან ბ-ნ ლი იოგსუპთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა  საქართველოს რეგიონებთან დაძმობილების კუთხით ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა და გამოცდილების გაზიარება.   ქ. გვანჯუში ვიზიტისას, ელჩი იმყოფებოდა ადგილობრივი კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში, სადაც საუბარი შეეხო ცენტრის მხარდაჭერით, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და საელჩოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ყურადღება დაეთმო, 2022 წელს საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად ქ. გვანგჯუში და ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობას.  

ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გახსნა ქართული ფილმების ჩვენება. ამას გარდა, გაიმართა კორეელი მხატვრის, ბ-ნი ჰან ჰე-ვონის ნამუშევრების გამოფენა. ბ-ნი ჰანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და არაერთი ფერწერული ტილო აქვს შექმნილი საქართველოს შთაგონებით. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, ასევე შედგა ოთარ ბერძენიშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.