საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. სეულში

23-24 დეკემბერს კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ბ-ნ გენადი არველაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათა წარმომადგენლები.

ვიზიტის პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრის მოადგილესთან, ბ-ნ ჯუნგჩუნ ჩასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული და კორეული სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა სამინისტროების შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს დარგის წარმომადგენლებისათვის გაცვლით პროგრამებს, ორი ქვეყნის ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაციის განახლებებს, ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა ფორმებს.

იმავე დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ბ-ნ გენადი არველაძისა და ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბ-ნ იუნ კანგ-ჰიონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა.

კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტ-აპების მხარდაჭერის, ინოვაციების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის და სხვა საკითხები. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასასრულს მხარეთა შორის გაფორმდა ოქმი.

24 დეკემბერს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართეს „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილულ და შეჯერებულ იქნა შეთანხმების პროექტის რიგი მუხლები და დებულებები. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მხარეთა მიერ შეთანხმების მიხედვით იქნება განსაზღვრული.

იმავე დღეს საქართველოს დელეგაცია კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა, დადებითად შეფასდა 2019 წელს განხორციელებული სამუშაოები, მათ შორის KOIMA-ს ყოველწლიურ გამოფენა IGF-ში ქართული კომპანიების მონაწილეობა, აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორეული პოტენციური იმპორტიორი კომპანიების ვიზიტი თბილისში საქართველოში გამართულ ერთობლივ ბიზნეს-ფორუმზე. ამასთან მხარეთა მიერ განხილულ იქნა კორეულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივები და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები.

2019 წლის 24 დეკემბერი