საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, ბ-ნი დავით კერესელიძის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

19-20 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, ბ-ნი დავით კერესელიძის სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები, კორეის ხელისუფლების, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. საქართველო-კორეის ურთიერთობების დღის წესრიგი განხილულ იქნა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბ-ნ იუნ სოონ გუსთან; კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ქ-ნ იუ სენგ ჰესთან და კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) ვიცე-პრეზიდენტთან, ქ-ნ ბაეკ სო ჰესთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპული ბიუროს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ბ-ნ კიმ ჯუნგ ჰასთან  გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2019 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესში.

ხაზი გაესვა, ეკონომიკურ სფეროში მიღებულ შედეგებს. კერძოდ, აღინიშნა 2019 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმების და მიმდინარე წლის ბოლოს, სეულში დაგეგმილ მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის, აგრეთვე ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარკებების პირველი რაუნდის გამართვის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და კორეელი ტურისტების მზარდ ნაკადზე საქართველოში.

კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო, უკანასკნელ პერიოდში გახშირებულ, რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების, უკანონო და პროვოკაციული ქმედებებს. კორეის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.

2019 წლის 20 ნოემბერი