საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი გახარია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომებრს, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელია არსებობს და წლიდან წლამდე ეს თანამშრომლობა ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ლიდერობით საქართველო კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

მუნ ჰი-სანგიმ ხაზი გაუსვა კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დინამიკას და გამოთქვა რწმენა, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კორეული საზოგადოება საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით საქართველოსა და კორეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რაც საქართველოში კორეული მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში გამოიხატება. როგორც კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და კორეული კომპანიები მზადყოფნას გამოხატავენ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუნ ჰი-სანგის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

2019 წლის 18 ოქტომბერი