საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული დღე სეულში

29 მაისს, სეულის სასტუმრო Four Season-ში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ კორეის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-სექტორის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სეულში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები და კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის რანგში მოწვეული იყვნენ კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ქ-ნი იუ სინგ-ჰი და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი ინვესტორის, წყლის რესურსების სახელმწიფო კომპანია K-water-ის პრეზიდენტი, ლი ჰაკ-სუ.

მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ფართოდ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, კულტურისა და უძველესი ტრადიციების შესახებ, აგრეთვე მიმოიხილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უკანასკნელ წლებში განვითარებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air-ი და ქვეყნის უმსხვილესი ტურისტული კომპანია Hanjin Travel-ი 30 მაისიდან განაახლებენ პირდაპირ ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს 6 რეისი შესრულება. თავის მხრივ, საპატიო სტუმრებმა დამსწრე პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ხალხთაშორის ურთიერთობებში მიღწეული წარმატებების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და საინვესტიციო-ეკონომიკურ სფეროში არსებული გარემოს შესახებ.

მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდგომ, კორეელმა სოპრანომ, იანგ ჰიუნემ ანსამბლ Sterne-სთან ერთად შეასრულა ქართული მუსიკალური კომპოზიციები. აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ღონისძიებას უძღვებიან ქართველი სტუდენტები. მიმდინარე წელს ეს პატივი ჰანიანგის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ანა კალანდაძეს ხვდა წილად.

საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღების პარალელურად, მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის კომპანია „ფაფანაკის“ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელის გამოფენა, ღონისძიებაზე  პირველად წარმოდგენილი იყო კორეული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია LG Household and Healthcare Company-ის ინოვაცია – ქართული ყურძნის ზეთზე დამზადებული პროდუქცია, აგრეთვე ძველი ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ ფოტო-გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ჭაჭა და მინერალური წყლები. გამოფენამ დამსწრე პირთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

2019 წლის 31 მაისი