საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის და დიასპორის დღეების აღნიშვნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღეების აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეას შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ ურთიერთობებს, მიღწეულ შედეგებს და არსებულ გამოწვევებს, აგრეთვე კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს და  საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვოტებს. დამსწრე თანამემამულეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დიასპორის წარმომადგენლებისათვის შემუშავებული ცალკეული პროექტების შესახებ, მათ შორის საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმების მსურველთა რეზერვის ჩამოყალიბების, საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“, სამშობლოში დაბრუნების პროგრამების, საქართველოში დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღებასთან დაკავშირებული აქციების თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კორეაში ქართული ღვინის, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ქვეყნის სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ კორეულ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები და აგრეთვე საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცალკეულ ღონისძიებებში დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის შესაძლებლობები.

აღნიშნულის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ელჩმა ამომწურავად უპასუხა საქართველოს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს მათთვის საინტერესო თემატიკაზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მოქალაქეებმა საელჩოს წინ სიმბოლურად აღმართეს საქართველოს დროშა.

2019 წლის 27 მაისი