საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბ-ნ გიორგი ქობულიას ორდღიანი სამუშაო ვიზიტი.

მინისტრმა ქობულიამ პირისპირ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან, ბ-ნ ლი ტე-ჰოსთან. შეხვედრის შემდგომ ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას „ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ენერგეტიკის, საავტომობილო მრეწველობის, ელექტრონიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა აგრეთვე დაადასტურეს მზაობა, დაიწყონ მოლაპარაკებები ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტზე, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში მხარეები შექმნიან შესაბამის სამუშაო ჯგუფს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ქობულიამ შეხვედრა გამართა კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტეპების მინისტრთან, კორეის უცხოეთში ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების ხელშეწყობის სპეციალური სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, მსხვილი ბიზნეს-გაერთიანებების (KITA, KOIMA, KCCI) თავმჯდომარეებთან და კორეის წამყვანი კონგლომერატების ვიცე-პრეზიდენტებთან. ამასთან, კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უმასპინძლა სემინარს თემაზე „ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები საქართველოში“, რომელსაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2019 წლის 13 მარტი