საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

31 იანვარს, საქართველოს მთავრობის სახელით, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის ექსიმბანკის მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.

წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

2019 წლის 31 იანვარი