საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კანგ კუნგ ჰვას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2020 წლის 1 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ - კანგ კუნგ ჰვა-ს შორის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას, მხარეებს შორის  უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ასევე დადებითად შეფასდა, მიმდინარე წელს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გატარებული სამუშაოები. დავით ზალკალიანმა პირადად მადლობა გადაუხადა კოლეგას კორეის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე და ზოგადად ვირუსთან ბრძოლის საქმეში ნაყოფიერ ურთიერთ თანამშრომლობაზე. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთ თანამშრომლობას.