საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ხელნაწერების გამოფენა კორეის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

9 სექტემბერს, კორეის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქ-ნმა სეო ჰეი რანმა და საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა. ასევე, ოფიციალური გახსნის ცერემონიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ იონსეის და კორეის უნივერისტეტის პროფესორები, ბატონი ჩო ჯუკ-ვანი და ბატონი ჰო სუნგ-ჩული, რომლებმაც კორეულ ენაზე თარგმნეს ხსენებული პოემა.

ექსპოზიციის ფარგლებში, წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ცნობილი ქართული პოემის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერების და ილუსტრაციების ნიმუშები (ასლები). დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა აქვთ, ასევე იხილონ „ვეფხისტყაოსნის“ კორეულენოვანი გამოცემები.

კორეის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამოფენის თემატიკის გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიფინა ეროვნული სამოსი, რომელიც საელჩოს ქართულმა კომპანიამ „ფაფანაკი“ მიაწოდა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საელჩოს და კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.

საელჩო მადლობას უხდის ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს გამოფენის ხელშეწყობისთვის.

გამოფენა გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია.

2019 წლის 9 სექტემბერი