საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია კორეის რესპუბლიკაში

12-14 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის ღონისძიებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, კორეას ეწვივნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის თავმჯდომარე, ბ-ნი თეიმურაზ გამცემლიძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ზურაბ კოსტავა.

12 ივნისს, კორეული ტურისტული კომპანია “Hodo Travel”-ის და საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს მთის და სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ მოეწყო საინფორმაციო სემინარი, რომელსაც ესწრებოდა ტურიზმის სფეროში მოღვაწე 100-მდე სტუმარი. შეკრებილი აუდიტორიისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების გაცნობას და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.

13 ივნისს, საქართველოს დელეგაცია ეწვია იონგპიონის სათხილამურო კურორტს, რომელმაც 2018 წელს უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. კურორტის მმართველ ჯგუფთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო ზამთრის სამთო კურორტების განვითარების და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, კორეის წარმატებული გამოცდილების შესწავლის და გაზიარების საკითხებს.

14 ივნისს, ქ. სეულში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის სათხილამურო ფედერაციებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

2019 წლის 14 ივნისი