საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

  21-23 მარტს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მე-6 პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობის მიზნით ქ. სეულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი გიორგი შარვაშიძე ეწვია.

 ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს საქართველოს დელეგაციამ ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრა გამართა საქართველო-კორეის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, ქ-ნ იუ სანგ-ჰისთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული ბოლო დროს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის განვითარებული დინამიკა და ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობის საკითხს.

   23 მარტს გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი, რა დროსაც ბ-ნმა გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბ-ნ იუნ კანგ-ჰიონთან.  მხარეებს შორის განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური, ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის განვითარების, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები, ასევე ჩვენს რეგიონებში არსებული ვითარება.

        კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, სადაც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით გიორგი შარვაშიძემ შეხვედრები გამართა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში, კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში, ასევე ქვეყნის მსხვილი კონგლომერატების წარმომადგენლებთან.



2018 წლის 23 მარტი